თეგი: რეიკიავიკის სამიტი

ირაკლი ღარიბაშვილი რეიკიავიკის სამიტზე: საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს

„ჩვენ კარგად გვახსოვს ის სრულმასშტაბიანი ომი, რომელიც რუსეთთან გვქონდა 2008 წელს. ჩვენ ძალიან დიდი დანაკლასი გვქონდა ადამიანების სიცოცხლის და 20 პროცენტი ტერიტორიების დაკარგვის კუთხით. ჩვენ, ქართველებმა კარგად ვიცით, რა ფასი აქვს ომს და რა ფასი აქვს მშვიდობას“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტზე, რეიკიავიკში. მისი თქმით, საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ღარიბაშვილის განცხადებით, დღევანდელი სამყარო იცვლება, წესრიგი იცვლება და ამ სირთულეებიდან გამოსავალი მარტო შეიძლება, ვერცერთმა ქვეყანამ ვერ იპოვოს, ამიტომ, საჭიროა ერთობლიობა და ერთად ყოფნა. „ძალიან ვამაყობ, რომ ვიღებ მონაწილეობას ევროსაბჭოს სახელმწიფოსა და მთავრობების მეთაურთა მეოთხე სამიტში. მინდა, მადლობა გადავუხადო მასპინძელ ქვეყანას ასეთი შესანიშნავი ღონისძიების ორგანიზებისთვის. მინდა ასევე ვთქვა, რომ ჩვენ ერთგული ვართ ადამიანის უფლებების, დემოკრატიის ფუძემდებლური უფლებების. დღეს ჩვენ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე ვიმყოფებით, რომელიც გულისხმობს უკრაინაში რუსეთის აგრესიას, რომელიც არღვევს გაეროს, ჰელსინკის და სხვა დეკლარაციებს. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და ჩვენ კარგად გვახსოვს ის სრულმასშტაბიანი ომი, რომელიც რუსეთთან გვქონდა 2008 წელს. ჩვენ ძალიან დიდი დანაკლასი გვქონდა ადამიანების სიცოცხლის და 20 პროცენტი ტერიტორიების დაკარგვის კუთხით. ჩვენ, ქართველებმა კარგად ვიცით, რა ფასი აქვს ომს და რა ფასი აქვს მშვიდობას. მას შემდეგ, რაც დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა და რამოდენიმე ომი გავიარეთ, ჩვენ ვაცნობიერებთ, რა შედეგი მოაქვს ომს და ამიტომ მეტად ვაფასებთ მშვიდობას. ჩვენი მთავრობა, რაც იმყოფება ხელისუფლებაში, ყველაფერს აკეთებს, რათა უწყვეტი მშვიდობა არსებობდეს ქვეყანაში. დღევანდელი სამყარო იცვლება, წესრიგი იცვლება და ამ სირთულეებიდან გამოსავალი მარტო ვერც ერთმა ქვეყანამ შეიძლება ვერ იპოვოს. ამიტომ გვჭირდება ერთობლიობა და ერთად ყოფნა. ერთად ყოფნით შევძლებთ ამ მიზნების დაკმაყოფილებას. მეგობრებო, ბოლო წლებში დემოკრატიებმა ბევრი გამოწვევა იწვნიეს. აი, ამ გამოწვევების მიუხედავად, საქართველო მტკიცე და მედეგია. ჩვენი მთავრობა ერთგულია იმ ვალდებულებებისადმი და იმ ძირეული ფასეულობებისადმი, რომლებიც გულისხმობს თანაბარუფლებიანობას, ადამიანის უფლებებს, სამართლის უზენაესობას, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას ქვეყანაში. ეს ჩვენი მრავალმიზნობრივი და მრავალასპექტიანი მიდგომა გულისხმობს სასამართლო სისტემის, საარჩევნო სისტემის, თავისაფული გამოხატვის უფლების უზრუნველყოფას, მდგრადობას და პროგნოზირებადობას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.  

პრემიერი რეიკიავიკის სამიტზე: თორმეტივე რეკომენდაციას ვასრულებთ იმისათვის, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი

„ჩვენ მწყობრად მივდივართ წინ და ჩვენი სამომავლო მიზანი არის ევროკავშირში გაწევრიანება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების სამიტის ფარგლებში გამართულ გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს წინსვლა სხვადასხვა მიმართულებით და  ევროკავშირში გაწევრიანება არის ქვეყნის სამიზნე ორიენტირი. „ჩვენ წინსვლა გვაქვს სხვადასხვა მიმართულებებით, ევროკავშირში გაწევრიანება არის ჩვენი სამიზნე ორიენტირი. მოგეხსენებათ, რომ გავაკეთეთ განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ეს არის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ერის დიდი მიზანი.   კარგად მოგეხსენებათ, რომ მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, ამით დადასტურდა, რომ ჩვენი მომავალი არის ევროკავშირში. ჩვენ მწყობრად მივდივართ წინ და ჩვენი სამომავლო მიზანი არის ევროკავშირში გაწევრიანება.   ჩვენ ამ მიზნით და მიმართულებით მივდივართ და ყველა, თორმეტივე რეკომენდაციას ვახორციელებთ იმისათვის, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ჩვენი საერთო ისტორია და საერთაშორისო წესრიგი ცხადყოფს, რომ ალტერნატივა არ გააჩნია კეთილდღეობას და მშვიდობას მსოფლიოში, საქართველო ამ ფასეულობებს და ღირებულებებს იცავს და ელის თანამშრომლობას ევროსაბჭოში, თქვენთან ერთად, დიდი მადლობა“, - განაცხადა პრემიერმა.

ედგარს რინკევიჩსი: რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან

უმკაცრესადვგმობთ რუსეთის მიერ წარმოებულ აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. ასეთი საქციელი ნორმა ვერ გახდება. რუსეთის მოქმედებები უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო ვალდებულებებს, მან უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან, – განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა რეიკიავიკში, ევროპის საბჭოს სამიტზე. მისივე თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა უზრუნველყოს ყოვლისმომცველი პასუხისმგებლობის დაკისრება რუსეთზე. „ეს გულისხმობს პასუხისმგებლობის დაკისრებას, როგორც საერთაშორისო ნორმების დამრღვევისთვის. ეს ნიშნავს ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას ყველაზე სერიოზული დანაშაულებისთვის, რომელიც საერთაშორისო შეშფოთების მიზეზია“, - განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.  

ევროპის საბჭოს სამიტი მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან, მოლდოვიდან და საქართველოდან

ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებმა მოუწოდეს რუსეთს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან. ამის შესახებ ნათქვამია ევროპის საბჭოს სამიტის დასკვნით დოკუმენტში, სახელწოდებით "რეიკიავიკის დეკლარაცია - ერთიანი ჩვენი ღირებულებების გარშემო“. საქართველო შეუერთდა ევროპის საბჭოს შეთანხმებას, რომლითაც, უკრაინის ზარალის რეესტრი იქმნება „ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მათ, ვინც დაზარალდა რუსეთის აგრესიული ომით უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთის აგრესიით საქართველოს წინააღმდეგ და ვგმობთ ამ აგრესიას. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები და დაუყოვნებლივ გაიყვანოს სრულად და უპირობოდ მისი ძალები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვის რესპუბლიკიდან. ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას მათი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - ნათქვამია დეკლარაციაში. 46 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურებმა ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, „არ არის მხოლოდ საერთაშორისო სამართლის დარღვევა, არამედ, ეს არის თავდასხმა ჩვენს დემოკრატიებზე“. ცნობისთვის, 16-17 მაისს, ისლანდიის დედაქალაქში ევროპის საბჭოს 46 წევრი ქვეყნის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურთა ორდღიანი სამიტი გაიმართა. სამიტის დღის წესრიგში ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიით მიყენებული ზარალის საერთაშორისო რეესტრის შექმნა.